სარფის საბაჟოზე თურქეთიდან შემოსულ სატვირთოებს დეზინფექცია უტარდებათ [ვიდეო]

სარფის საბაჟო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ტვირთების გატარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. თურქეთიდან დღის განმავლობაში 100-დან 150-მდე სატვირთო ავტომანქანა შემოდის, რომლებსაც ადგილზე უტარდება დეზინფექცია.

აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველის უფროსის, მიხეილ დილიმაშვილის განცხადებით, სატვირთო ავტომანქანებს ერთი საზღვრიდან მეორემდე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აცილებს.

„ვმუშაობთ 24-საათიან რეჟიმში. ტვირთების გატარება ხდება შეუფერხებლად. დეზინფექციისა და საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ სატვირთო ავტომანქანებს ქვეყნის მეორე საზღვრამდე აცილებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი შემოდის რისკჯგუფის ქვეყნიდან, მას არ აქვს მანქანის დატოვების უფლება. საპატრულო ეკიპაჟი აკონტროლებს მათ, ქვეყნის ტერიტორიაზე მათთვის არის მხოლოდ სპეციალური ორი შესვენების ადგილი“, – განაცხადა პირველ არხთან მიხეილ დილიმაშვილმა.

სარფის საბაჟოზე შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური ავტობუსი ელოდებათ, რომლითაც მოქალაქეები პირდაპირ საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ.

მებაჟეები და სამართალდამცველები უზრუნველყოფილი არიან უსაფრთხოებისთვის აუცილებელი აღჭურვილობით.