სარფის საბაჟოზე მოქალაქეები გადასატანი პროდუქტების დასაშვები რაოდენობის შემცირებას აპროტესტებენ
სარფის საბაჟოზე მოქალაქეები გადასატანი პროდუქტების დასაშვები რაოდენობის შემცირებას აპროტესტებენ

სარფის საბაჟოზე ხალხმრავლობაა, თუმცა რიგი ამჯერად საკონტროლო-გამშვები პუნქტის გაუმართაობას არ უკავშირდება. მოქალაქეების ნაწილი, რომელიც საზღვარს ყოველდღიურად კვეთს და მცირე პარტიით თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები გადააქვს, უკმაყოფილებას გამოთქვამს.  მათი თქმით, თურქულ მხარეს, გადასატანი პროდუქციის დასაშვები რაოდენობის შემცირების შესახებ,  წინასწარ არავინ გაუფრთხილებია და დღეს თითქმის ყველას, სიგარეტი  თურქმა მებაჟეებმა ჩამოართვეს.

“ყოველდღე ათი ლარისთვის გადავდივარ და გადამაქვს სიგარეტი. აქამდე ვიცოდი, რა რაოდენობის გადატანის უფლება მქონდა. დღეს ყველაფერი ჩამომართვეს. ქართული მხარისგან მოვითხოვთ, თურქეთში გადასვლამდე გამოაკრან ინფორმაცია ქართულად, რა წესებს შემოიღებენ თურქი მებაჟეები” -ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

გუშინდელი შეფერხების შემდეგ, სარფის საბაჟო გახსნილია. საზღვარს თავისუფლად კვეთენ ქვეითად მოსიარულეები. შეფერხებები მხოლოდ ქართული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანების გადასვლაზეა, რასაც თურქული მხარე ელექტრონული სისტემის ხარვეზს უკავშირებს.