სარფის საბაჟოზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა
სარფის საბაჟოზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა

სარფის საბაჟოზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხმაურია. მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ, სამართალდამცველებმა ტერიტორიის გარკვეული ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს, რადგან საბაჟოზე სატვირთო ავტომანქანების მოძრაობა შეფერხდა, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს.

აქციაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი სამართალდამცველებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ გაათავისუფლებენ ტერიტორიას, ვიდრე მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე არ შეხვდება. აჭარის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, პატარაძე უკვე სარფისკენ მოემართება.

თურქეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეგულაციაში ცვლილებები შეიტანა.

ცვლილებების თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ტერიტორიაზე, მცირე დროით დარჩენაც კი, ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება.

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში თურქეთში 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. 90 დღის გასვლის შემდეგ კი, მათ ბინადრობის უფლების მიღება მოუწევთ.