სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მგზავრთა გადასასვლელი ახალი დერეფანი გაიხსნა
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მგზავრთა გადასასვლელი ახალი დერეფანი გაიხსნა

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მგზავრთა გადასასვლელი ახალი დერეფანი გაიხსნა.

მგზავრთა მიმოსვლის გაუმჯობესების მიზნით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები მარტში დაიწყო. განხორციელდა მოსაცდელი დარბაზის, შემოსვლისა და გასვლის გვირაბების სამშენებლო, სარემონტო სამუშაოები, კეთილმოეწყო და გამწვანდა საბაჟოს მიმდებარე ტერიტორია.

საზეიმო ცერემონიალს საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ. სარფში თურქეთის ოფიციალური დელეგაციაც ჩავიდა ქვეყნის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, ილმაზ ბათურის ხელმძღვანელობით. გაიმართა ორმხრივი შეხვედრა.

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ორ ქვეყანას შორის საბაჟო პროცედურები მაქსიმალურად კომფორტული გახდა და ამ მიმართულებით მუშაობა ისევ გაგრძელდება.

დღესვე ის წარმატებული მებაჟე-ოფიცრებიც დააჯილდოვეს, რომლებმაც ბათუმის აეროპორტში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები, კერძოდ მარიხუანა აღმოაჩინეს.

სარფის საბაჟო საქართველოში ყველაზე დატვირთული გამშვები პუნქტია. 2018 წელს მგზავრთა ნაკადმა შვიდ მილიონს, სატვირთო ავტომანქანების რაოდენობამ კი 240 ათასს გადააჭარბა, საზღვარი გადაკვეთა ამდენივე მსუბუქმა ავტომანქანამ.