სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს რეგიონული პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა 
სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს რეგიონული პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა 

სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა განმარტა, აქტიური სარეზერვო სამსახური ნებაყოფლობითი იქნება და იქ ჩარიცხვა მხოლოდ იმ პირებს შეეძლებათ, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება აქვთ. სურვილის შემთხვევაში კი კონტრაქტი ხუთწლიანი ვადით გაფორმდება და ყოველთვიურ შრომით გასამრჯელოსაც მიიღებენ.

მისივე თქმით, აქტიური სარეზერვო სამსახური საპილოტე პროექტის სახით წელს ამოქმედდება და პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიღება იგეგმება.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით კი სამობილიზაციო რეზერვი სავალდებულო იქნება. კანონპროექტის მიხედვით სამობილიზაციო რეზერვში 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები ჩაირიცხებიან და ისინი შრომის ანაზღაურებას მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში მიიღებენ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნუკრი გელაშვილის განცხადებით, რეზერვში გაწვევის დროს დასაქმებულ პირებს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდებათ.

„როგორც აქტიური რეზერვის შემთხვევაში, ისე სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაშ, გათვალისწინებულია სამუშაო ადგილისა და ხელფასის შენარჩუნება, იმ პერიოდში, როდესაც ეს ადამიანები იქნებიან გამოძახებულები შეიარაღებულ ძალებში. რეზერვისტების გამოძახება აქტიური რეზერვის შემთხვევაში მოხდება ჩვეულებრივ ფორმატში, როგორც ხდება მოქმედი სამხედრო მოსამსახურის გამოძახება. სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში გაწვევა საჭიროების შემთხვევაში მოხდება”, – განაცხადა ნუკრი გელაშვილმა.