სარალიძის ოჯახის ადვოკატი - მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეისწავლოს პროკურატურამ ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც მირზა სუბელიანი ჩანაწერში საუბრობს  
სარალიძის ოჯახის ადვოკატი - მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეისწავლოს პროკურატურამ ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც მირზა სუბელიანი ჩანაწერში საუბრობს  

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი მთავარ პროკურატურას მოუწოდებენ, ყურადღება გაამახვილონ გავრცელებული ჩანაწერის შინაარსზე და ფაქტობრივი გარემოებები შეისწავლონ.

ლონდარიძე და ცქიტიშვილი მედიით გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურნენ, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი სუბელიანი ფიგურირებს.

მათი თქმით, ფარული ჩანაწერებით დასტურდება, რომ ხელისუფლებასა და სუბელიანს შორის გარიგება მოხდა, რითაც საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს. უფლებადამცველები ასევე ფიქრობენ, რომ სუბელიანს ბრალი მხოლოდ ხორავას ქუჩაზე დანაშაულის შეუტყობინებლობაზე არ უნდა ჰქონდეს წარდგენილი.

„ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 157-158 მუხლების შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ ყურადღება გამახვილდა იმაზე, როგორ მოხდა აუდიოჩანაწერის გავრცელება და არა ყოფილი მაღალჩინოსნის საუბრის შინაარსზე. სწორედ ამიტომ, მივმართავთ მთავარ პროკურატურას და მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს შესწავლა ფაქტობრივ გარემოებებზე, რაზეც საუბრობს მირზა სუბელიანი ჩანაწერში“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძე.

მისივე თქმით, სარალიძის ოჯახი და მისი ინტერესების დამცველები მუდმივად აცხადებდნენ, რომ მირზა სუბელიანს ჰქონდა დიდი გავლენა საგამოძიებო ორგანოებზე და გამოძიება მის მიერ ნაკარნახევი ნაბიჯებით მიმდინარეობდა.