„სარა ვაგენკნეხტის ალიანსის“ ლიდერი თომას შულცე აცხადებს, რომ ​ულტრამემარცხენე პარტიები მზად არიან, საქსონია-ანჰალტში ნებისმიერ პარტიასთან ითანამშრომლონ

18:16, 07.09.2026

ულტრამემარცხენე პარტიები მზად არიან, საქსონია-ანჰალტში ნებისმიერ პარტიასთან ითანამშრომლონ, – ამის შესახებ „დოიჩე ველესთან“ საუბარში „სარა ვაგენკნეხტის ალიანსის“ სიის ლიდერმა, თომას შულცემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქსონია-ანჰალტის მიწის მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობა არჩევნებში ყველაზე მეტი ხმის მიმღებმა პარტიამ, ანუ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ უნდა აიღოს.

შულცეს განცხადებით, მის პარტიას არასდროს მიუღია მონაწილეობა გერმანიის ძირითადი პოლიტიკური პარტიების შეთანხმებაში, რომელიც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანამშრომლობაზე უარის თქმას ითვალისწინებდა.

„ახლა მთავრობის ფორმირება არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და მისი ლიდერის პასუხისმგებლობაა. ჩვენ კი, „სარა ვაგენკნეხტის ალიანსში“, შევეცდებით, ჩვენი პოლიტიკა განვახორციელოთ ყველა იმ პარტიასთან თანამშრომლობით, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობისთვის იქნება მზად“, – განაცხადა შულცემ კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს მისი პარტია ულრიხ ზიგმუნდს, ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენელს, საქსონია-ანჰალტის პრემიერ-მინისტრის არჩევნებში.

შულცე მანამდეც არ გამორიცხავდა შესაძლებლობას, რომ „სარა ვაგენკნეხტის ალიანსის“ დეპუტატები „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კანდიდატს მიწის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებაში დაეხმარონ.

ცნობისთვის, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარცხენე „სარა ვაგენკნეხტის ალიანსმა“ (BSW) 5%-იანი ბარიერი გადალახა. პარტიამ ხმების 5.3% მიიღო და 83-მანდატიან პარლამენტში ხუთი ადგილი მოიპოვა.

შეგახსენებთ, არჩევნების შედეგების მიხედვით, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43.8% მოიპოვა, ხოლო ფრიდრიხ მერცის პარტიამ – 17.2%.

მსგავსი