საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ეგიდით, საქართველოს მონაკოს პრინცესა სტუმრობს
საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ეგიდით, საქართველოს მონაკოს პრინცესა სტუმრობს

საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით მონაკოს პრინცესა, შარლინ უოტსტოკი და მონაკოს სამეფო დელეგაცია სტუმრობს. პრინცესას ვიზიტი მიმდინარეობს საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ეგიდით, რომელიც შეიქმნა სმენადარღვეული ბავშვების რეაბიიტაცია-აბილიტაციასათვის. ინფორმაციას თავად ფონდი ავრცელებს.

ფონდის დამფუძნებლები ვანო ჩხარტიშვილი და მისი მეუღლე ნანა გოთუა არიან.

„ფონდი უკვე წლებია, ემსახურება სმენადაქვეითებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს. ვიზიტის ფარგლებში პრინცესამ მის მასპინძელთან – საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ დამფუძნებლებთან ვანო ჩხარტიშვილთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან – მიხეილ ჩხენკელთან, ასევე სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ოლიმპიურ სოფელში მდებარე სპორტული კომპლექსი და თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი დაათვალიერა. საპატიო სტუმართა შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი ჟოელ ბუზუ და მონაკოს სამთავროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის დირექტორი იზაბელ ბონალი. დელეგაციის წევრები სპორტულ კომპლექსში მდებარე რაგბისა და ფეხბურთის მოედნებზე ახალგაზრდა სპორტსმენების ვარჯიშს დაესწრნენ. მონაკოს სამთავროს სახელით, პრინცესამ სარაგბო კლუბ „თბილისს“ მიკროავტობუსი გადასცა“, – აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ვიზიტი საქველმოქმედო ფონდ „აი იაში“ დასრულდა, სადაც პრინცესას მის მიმართ მადლიერების გამოსახატავად, ფონდის დამფუძნებლებისგან გადაეცა ბორდის საპატიო წევრობის სიგელი. პრინცესას აგრეთვე გადაეცა ფონდ „ქართული გალობის“ ჯილდო იმ საქველმოქმედო პროექტებში შეტანილი წვლილისთვის, რომელსაც ბავშვთა დაცვისა და მათი ზრუნვის პროექტებით ახორციელებს.