საქსტატისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი კვლევის მიხედვით, საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები ხუთჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე მამაკაცები
საქსტატისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი კვლევის მიხედვით, საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები ხუთჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე მამაკაცები

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში დროის გამოყენების გამოკვლევის ძირითადი შედეგები წარადგინეს.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში ოჯახებში ზრუნვის პასუხისმგებლობების უდიდესი ნაწილი ქალების მხრებზე გადადის, რაც მათ არა მხოლოდ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზღუდავს, არამედ ასევე უზღუდავს დროს სწავლის, სოციალიზაციის, პირადი თუ პროფესიული განვითარებისა და თვითზრუნვისთვის.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო  შრომას – დალაგებას, სადილის მომზადებას, სარეცხის გარეცხვას და ა.შ. თითქმის ხუთჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები.

„ბავშვის აღზრდაში დედების 80 პროცენტი და მამების 38.6%-ია ჩართული. ამავდროულად, დედები ბავშვის მოვლას ხუთჯერ მეტ დროს, კვირაში 20.4 საათს უთმობენ, მამები კი — კვირაში 3.9 საათს. ზოგადად, საქართველოში აუნაზღაურებელ ზრუნვასა და საოჯახო შრომაზე ქალების მიერ დახარჯული დროის წილი (17.8 %) 4.8-ჯერ მეტია კაცების მიერ დახარჯულ დროზე (3.7 %)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც აღინიშნა, გამოკვლევის ფარგლებში სულ ქვეყნის მასშტაბით 3,680 შინამეურნეობა შეირჩა და 6,074 რესპონდენტი გამოიკითხა. „დროის გამოყენების გამოკვლევა შინამეურნეობების გამოკვლევაა, რომლის საშუალებითაც გროვდება მონაცემები, რა სახის აქტივობებზე და რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და მამაკაცები დღის განმავლობაში. იგი წარმოადგენს უნიკალურ წყაროს მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგისთვის, კერძოდ, 5.4 ამოცანის შესრულების ინდიკატორების მისაღებად. მსოფლიო მასშტაბით, სწორედ დროის გამოყენების გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე ფასდება ქალების მიერ გაწეული აუნაზღაურებელი შრომის წილი ქვეყნის კეთილდღეობაში და ამგვარ შრომაზე ქალებისა და მამაკაცების მიერ დახარჯული დროითი განსხვავებებით გაანალიზდება გენდერული უთანასწორობები. მიღებულ მონაცემებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს აუნაზღაურებელი შრომის აღიარების, გადანაწილებისა და შესაბამისი საჯარო პოლიტიკის შემუშავებისთვის“, – აღნიშნულია გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციაში.

შედეგების პრეზენტაციას დაესწრნენ ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰელენ სანდ ანდრესენი, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში ქვეყანაში პირველად ჩაატარა დროის გამოყენების გამოკვლევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოში დროის გამოყენების შესახებ სტატისტიკურად სანდო და საერთაშორისო დონეზე შესადარისი მონაცემების მიღება, გენდერული სტატისტიკის გაუმჯობესება, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მაჩვენებლების გაანგარიშება და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართული პოლიტიკის ინფორმირება“, – განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.

საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელის, კაორი იშიკავას განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები ბიძგს მისცემს დისკურსს ქვეყანაში შრომის ღირებულებასა და საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ.

„იმედი გვაქვს, რომ კვლევის მიგნებები მოახდენს საჯარო პოლიტიკის ინფორმირებას, ქალებისა და გოგონების მიერ გაწეული აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის არაპროპორციული წილის შესამცირებლად და ზრუნვის პასუხისმგებლობების თანაბრად გადასანაწილებლად როგორც ქალებსა და მამაკაცებს, ისე საზოგადოებას, კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის“, – აღნიშნა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავამ.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოკვლევა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის პროექტის, „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ფლაგმანი პროგრამის – „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ მხარდაჭერით ჩატარდა.