საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტი 3.5 პროცენტით გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტი 3.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შედეგების მიხედვით, 2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

უწყების მონაცემებით, 2020 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 459.4 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 401.2 მლნ. აშშ დოლარით და ბულგარეთი – 310.4 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, გასულ წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე, 729.4 მლნ. აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრატებია წარმოდგენილი, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 30.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები – 246.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 209.0 მლნ. აშშ დოლარით.