საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 189.5 ლარი შეადგინა
საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 189.5 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 187.7 ლარი იყო, ნოემბერში კი, ეს მაჩვენებელი 1 ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა და 189.5 ლარზე დაფიქსირდა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში 1.6 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 167.9 ლარს შეადგენს. 3 ლარითა გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 317.9 ლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, ნოემბერში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 167.9 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი – 268.6 ლარით, სამსულიანი – 302.2 ლარით, ოთხსულიანი – 335.7 ლარი, ხუთსულიანი – 377.7 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 446.5 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს.

საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.