საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 192.9 ლარი შეადგინა. ნოემბერში კი, ეს მაჩვენებელი თითქმის სამი ლარით გაიზარდა და 195.6 ლარზე დაფიქსირდა. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში ორი ლარითა და 50 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 173.3 ლარს შეადგენს. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი მაისში 328.1 ლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, ოქტომბერთან შედარებით ნოემბერში ზრდა აღინიშნება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 173.3 ლარით განისაზღვრა, ორსულიანზე – 277.2 ლარით, სამსულიანზე – 311.9 ლარით, ოთხსულიანზე – 346.5 ლარით, ხუთსულიანზე – 389.8 ლარით, ექვსსულიანი და მეტი – 460.9 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან, პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.