საქსტატის კვლევის თანახმად, სკოლების დახურვის შემდეგ „ტელესკოლას“ მოსწავლეების 57%-ზე მეტი უყურებდა
საქსტატის კვლევის თანახმად, სკოლების დახურვის შემდეგ „ტელესკოლას“ მოსწავლეების 57%-ზე მეტი უყურებდა

6-17 წლის ასაკის ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც 2020 წლის მარტში საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის შემდეგ უყურებდნენ სატელევიზიო გაკვეთილებს, 57.3% შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევაშია აღნიშნული, რომლის მიზანიც ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში შესწავლაა.

კვლევა გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის შერჩევის საფუძველზე მიმდინარეობს.

კვლევის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა, 2 118 შინამეურნეობის წარმომადგენელი გამოიკითხა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აღნიშნული კვლევის პირველი ტალღის შედეგები დღეს წარმოადგინა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პროექტ „ტელესკოლას“ ერთი წელი შეუსრულდა. ტელესკოლამ, რომელიც განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტია, 2020 წლის 30 მარტს დაიწყო მაუწყებლობა.

საგანმანათლებლო არხი მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს, სხვადასხვა ასაკის მაყურებელს კი, მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.