საქსტატის ინფორმაციით, შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები 7.2 პროცენტით გაიზარდა
საქსტატის ინფორმაციით, შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები 7.2 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს გაცემულია 10 822 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 7.2 პროცენტით მეტი) 7 421.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლები).

მათივე ცნობით, ნებართვების 77.2 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 51.9 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.5 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.4 პროცენტი იმერეთის რეგიონზე.

„აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

2022 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 661.7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 51.3 პროცენტით მეტი) 2 654 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 13.1 პროცენტით მეტი). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, 36.6 პროცენტი მოდის თბილისზე, 11.8 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.2 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.