საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტი 14.4 პროცენტით გაიზარდა
საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტი 14.4 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 079.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 47.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 22.1 პროცენტით შემცირდა და 1 930.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

უწყების ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი – 365.1 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 262.5 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 223.9 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 406.6 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 21.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 168.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 114.9 მლნ. აშშ დოლარით.