საქსტატის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორში თვეში საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1 227 ლარს გაუტოლდა
საქსტატის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორში თვეში საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1 227 ლარს გაუტოლდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის პირველ  კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 684.4 ათასი ადამიანით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.8 პროცენტი ქალია, ხოლო 58.2 პროცენტი – კაცი.

ამასთან, როგორც საქსტატის ანგარიშშია მითითებული, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.9 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 39.4 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 640.5 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 3.4 პროცენტით მეტია. საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 408.4 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით მეტი).

ამასთან, 2020 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო  ხელფასი თვეში 1 227.0 ლარს გაუტოლდა და გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 75.2 ლარით, მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 957.5 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 23.3 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით კი, საშუალო ხელფასი თვეში არის:  მსხვილი ბიზნესი – 1 293.7 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 404.9 ლარი,  მცირე ბიზნესი – 1 035.2 ლარი.