საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს ადგილობრივი ექსპორტი 26.9 პროცენტით გაიზარდა
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს ადგილობრივი ექსპორტი 26.9 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 242.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.9 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 73.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.9 პროცენტით გაიზარდა და 3 127.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

უწყების წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, გასულ წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 580.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 555.0 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 304.5 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, 2021 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 815.4 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 477.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 237.7 მლნ. აშშ დოლარით.