საქსტატის ცნობით, ივლისში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე სასამართლოში შესული 1 806 შუამდგომლობიდან 708 პირს პატიმრობა, 1098-ს გირაო შეეფარდა
საქსტატის ცნობით, ივლისში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე სასამართლოში შესული 1 806 შუამდგომლობიდან 708 პირს პატიმრობა, 1098-ს გირაო შეეფარდა

საქსტატის ცნობით, ივლისში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე სასამართლოში შესული 1 806 შუამდგომლობიდან 708 პირს პატიმრობა, 1098-ს კი, გირაო შეეფარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ივლისში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 1933 პირის მიმართ. აქედან, გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 192 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 9,9%-ს შეადგენს.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2020 წლის ივლისში პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილულია საგამოძიებო ორგანოებიდან აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე შესული 1806 შუამდგომლობა.

საქსტატში აცხადებენ, რომ განხილული შუამდგომლობებიდან პატიმრობა 708 პირს შეეფარდა, ხოლო გირაო – 1098-ს.

„2020 წლის ივლისში პირველი ინსტანციის სასამართლოებში განხილულია 1569 საქმე 1771 პირის მიმართ, აქედან განაჩენის გამოტანით განხილულია 1532 საქმე, ანუ 97,6%, შეწყდა 21 საქმე (1,3%), ხოლო პროკურატურას დაუბრუნდა 16 საქმე, ანუ 1,0%“, – აცხადებენ საქსტატში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ივლისში განაჩენის გამოტანით განხილული საქმეებიდან საპროცესო შეთანხმებით განხილული იყო 1001 საქმე 1122 პირის მიმართ, ხოლო არსებითი განხილვით დამთავრდა 531 საქმე 607 პირის მიმართ.

„არსებითი განხილვით დამთავრებული 531 საქმიდან გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა 466 საქმეზე, გამამართლებელი განაჩენი – 45 საქმეზე, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი კი 20 საქმეზე. 2020 წლის ივლისში სულ მსჯავრდებული 1676 პირიდან თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 378 პირს, პირობითი მსჯავრი – 875 პირს, ჯარიმა – 302 პირს, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა -120 პირის“, – აცხადებენ საქსტატში.