საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს

გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს მეშვიდე სესიაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ორი წლის ვადით სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს.

რიგით მეშვიდე სესია 26 აგვისტოს გაიხსნა და მიმდინარე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარის და ახალი წევრების არჩევნები სესიის პირველივე დღეს გაიმართა, რომელშიც UNESCAP-ის 50-ზე მეტი წევრი ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქსტატში აცხადებენ, რომ ქართული სტატისტიკის ისტორიაში საქართველოს წარმომადგენელი ამ თანამდებობაზე პირველად აირჩიეს, რაც ქვეყანას უდიდეს შესაძლებლობას აძლევს ოფიციალური სტატისტიკის შემდგომი განვითარებისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით.

სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, გოგიტა თოდრაძემ მადლობა გადაუხადა მონაწილეებს გამოცხადებული ნდობისთვის.

„ჩემთვის დიდი პატივია გამოვხატო გულწრფელი მადლიერება დღევანდელი სესიის დელეგატების მიმართ. მოხარული და ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ სტატისტიკის კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარის რანგში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო, როგორც გაერო-ს სტატისტიკის კომისიის წევრი, თქვენი სანდო პარტნიორია, რომელიც განაგრძობს გაეროს ESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის მხარდაჭერას, მის წინაშე მდგარი ამოცანების მისაღწევად. წინ მნიშვნელოვანი სამუშაოა. ბიუროს წევრები და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სტატისტიკის კომიტეტმა შეასრულოს დასახული მიზნები და მიაღწიოს წარმატებას, საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ეთიკის ნორმებისა და პრინციპების დაცვით“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ბიურო სტატისტიკის კომიტეტის საკონსულტაციო და მაკოორდინირებელი ორგანოა, რომელიც მას თავისი ფუნქციების შესრულებაში ეხმარება. განახლებული ბიურო ექვსი წევრისგან შედგება, რომელიც საქართველოსთან ერთად, ინდოეთის, მალაიზიის, ფილიპინების, მონღოლეთის, და ფიჯის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელებს აერთიანებს.

რაც შეეხება გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის სტატისტიკის კომიტეტს, ის წარმოადგენს უმაღლესი დონის მთავრობათაშორის ფორმატს და სტატისტიკის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ორგანოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.

 

დატოვე კომენტარი