საქსტატის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს
საქსტატის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 100 წლის იუბილესა და გენდერული სტატისტიკის წარმოების 20-წლიან თარიღთან დაკავშირებით, თბილისში რეგიონული კონფერენცია – „გენდერული სტატისტიკა: გამოწვევები და შესაძლებლობები მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მონიტორინგისთვის“ მიმდინარეობს.

კონფერენცია, რომელიც საქსტატისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მთავარმა სტატისტიკოსმა, პაპა სეკმა მიმართეს.

რეგიონულ კონფერენციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP), ცენტრალური აზიის ქვეყნების, იტალიის, საფრანგეთისა და უნგრეთის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიებას საქართველოს სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეებისა და საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

კონფერენციის მონაწილეები მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ნაციონალიზაციის პროცესში მიღწეული წარმატებების, გენდერული სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების, გენდერულ ჭრილში აქტივების ფლობისა და დროის გამოყენების, ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის კვლევების შედეგად გამოვლენილ გამოწვევებსა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე მსჯელობენ.

კონფერენციის პირველი დღის დასასრულს, სტატისტიკის სამსახურის საიუბილეო, 100 წლის თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვას, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურების ხელმძღვანელი პირები ერთობლივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. დოკუმენტის თანახმად, მხარეები ქვეყნების სტატისტიკის სამსახურებს შორის მეგობრული და კონსტრუქციული თანამშრომლობის გაღრმავებისა და სტატისტიკის სისტემის შემდგომი განვითარებისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ.

კონფერენციის ფარგლებში ტარდება გენდერული მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონიც, რომელიც გენდერული სტატისტიკის მონაცემებს ეძღვნება და ახალგაზრდებში სტატისტიკური მონაცემების შესახებ ცნობიერების ამაღლების, მონაცემთა ანალიზის, გამოყენებისა და ინოვაციური პროდუქტების განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული. ჰაკათონის მონაწილეები იმ გენდერულ მონაცემებზე იმუშავებენ, რომლებსაც საქსტატი ბოლო 20 წელია, აგროვებს.

დატოვე კომენტარი