საქსტატი - წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ ვიზიტების რაოდენობა 6.7 პროცენტით შემცირდა
საქსტატი - წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ ვიზიტების რაოდენობა 6.7 პროცენტით შემცირდა

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 619.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 8.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ „გამყვანი ტურიზმის სტატისტიკაშია“ აღნიშნული, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 452.5 ათასი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.7 პროცენტით არის შემცირებული.

საქსტატის ცნობით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 241.5 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 10.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, უწყების მონაცემებით, ვიზიტების უმრავლესობა, 44.7 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს 31-50 წლის რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 40.4 პროცენტს შეადგენდა. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 176.7 ათასი და 104.8 ათასი ვიზიტი.

2020 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.9 ღამე შეადგინა, რაც 2019 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.4 ღამე) 14.4 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 96.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 332.8 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 7.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით შემცირდა და 735.6 ლარი შეადგინა.