საქსტატი – წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.2 პროცენტით შემცირდა

11:42, 08.09.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2026 წლის მეორე კვარტალში 468.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.2 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, კლება ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებით. ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალმა 210.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.9 პროცენტია.

რეინვესტიციამ 300.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 64.1 პროცენტით განისაზღვრა. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, პირველ ადგილზეა ჩინეთი 219.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.8 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო 123.5 მლნ. აშშ დოლარით (26.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე – არაბთა გაერთიანებული საამიროები 47.7 მლნ. აშშ დოლარით (10.2 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 83.3 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 207.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (44.3 პროცენტი). მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია 119.9 მლნ. აშშ დოლარით (25.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 59.0 მლნ. აშშ დოლარით (12.6 პროცენტი). განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 82.4 პროცენტი შეადგინა.

მსგავსი