საქსტატი წელს ახალი მეთოდოლოგიების დანერგვის მიმართულებით იმუშავებს
საქსტატი წელს ახალი მეთოდოლოგიების დანერგვის მიმართულებით იმუშავებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ დღეს საქსტატის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, 2019 წელს საქსტატმა მეთოდოლოგიური ცვლილებების განხორციელებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

ამასთან, მისივე თქმით, შარშან სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საზოგადოებას მასშტაბური გამოკვლევის შედეგები წარუდგინა, რომლებიც სასმელი წყლის ხარისხს და ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას ეხებოდა.

გოგიტა თოდრაძემ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ 2019 წელს მნიშვნელოვანი იყო ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ საქსტატის მეთოდოლოგიის შეფასება და რეკომენდაციები, რომლებსაც უწყება 2020 წლის სამოქმედო გეგმაში გაითვალისწინებს.

ამასთან, მისი თქმით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ხშირად პოლიტიკური მანიპულაციის იარაღია.

„საქსტატის 2019 წლის მთავარ გამოწვევებს შორის აღსანიშნავია შეზღუდული რესურსები, რაც არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ შრომით ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ რესურსებს უკავშირდება, რაც ჩვენ არ გვაძლევს მეტ შესაძლებლობას, ჩავატაროთ დამატებითი კვლევები. გამოწვევად რჩება ასევე მონაცემთა არასწორი ინტერპრეტაცია. ჩვენი მონაცემები ხშირად გახლავთ პოლიტიკური მანიპულირების იარაღი და ჩვენ მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია ძალიან ხშირადაა დაინტერესებული მხარის კრიტიკის ობიექტი. ამ მიმართულებით ვგეგმავთ მეტ თანამშრომლობას და მეტ კომუნიკაციას ჩვენს დონორებთან. რაც შეეხება მონაცემთა არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან არიდებას, ვფიქრობთ ვიყოთ უფრო მეტად გამჭვირვალე“, – განაცხადა თოდრაძემ.

მისი თქმით, მომდევნო წლებში საქსტატის საქმიანობა სამ პრიორიტეტულ მიმართულებას დაეფუძნება.

„ეს მიმართულებებია: მომხმარებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის წარმოება, მონაცემთა შეგროვებისა და გავრცელების ეფექტიანი სისტემების შექმნა და დანერგვა, სტატისტიკის მწარმოებელი უწყების, საქსტატის შესაძლებლობების გაძლიერება“, – განაცხადა თოდრაძემ.

საქსტატის ხელმძღვანელის განცხადებით, უწყების განვითარების მომდევნო ოთხი წლის სტრატეგია უკვე მომზადებულია და ის საზოგადოებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე იქნება ორიენტირებული.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 2020 წელს საქსტატის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 5,8 პროცენტით არის გაზრდილი და აღნიშნული რესურსი ახალი მეთოდოლოგიების დანერგვის მიმართულებით გამოიყენება.

ასევე, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე იმ დარგებზე ისაუბრა, რომლებმაც 2019 წელს საქართველოში ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი და უარყოფითი გავლენა იქონია. მისი თქმით, ეკონომიკის ზრდაში დადებითი წვლილი შეიტანეს ვაჭრობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე წლის მეორე ნახევარში მშენებლობის დარგებმა, ხოლო ზრდაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა სამთომოპოვებით და გასული წლის პირველ ნახევარში მშენებლობის დარგებს.