საქსტატი - უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რაოდენობა შემცირდა
საქსტატი - უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რაოდენობა შემცირდა

2018-2019 სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოში 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მუშაობს, აქედან 19 სახელმწიფო და 44 კერძო. დაწესებულებათა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12 ერთეულით შემცირდა, – მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უდიდესი ნაწილი, 62%, მოდის თბილისზე. 2018/2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულია 41.6 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 27.8 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 13.8 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, შემცირდა 2.7 ათასით. შემცირება ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე მოდის.

საქსტატის ინფორმაციით, სულ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რაოდენობამ 147.7 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 2.7%-ით მეტია.

განათლების ხარისხის მართვის განვითარების ეროვნული ცენტრის განმარტებით, უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობის შემცირება ავტორიზაციის პროცესსა და უმაღლესების ნაწილის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მიღებას უკავშირდება. კერძოდ, პროფესიულ სასწავლებლებად გარდაიქმნა ილია ჭავჭავაძის სახელობის „საზოგადოება ცოდნა“ , საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA, ინტერბიზნესის აკადემია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (საბჭოს გადაწყვეტილებით, მას სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა). რაც შეეხება დანარჩენ დაწესებულებებს, მათ უარი ეთქვათ ან გაუუქმდათ ავტორიზაცია, მათ შორისაა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი „ჰიპოკრატე“.