საქსტატი – თებერვალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 16.9 პროცენტით გაიზარდა

11:43, 19.03.2021

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სახეზეა ინდექსის 16.9-პროცენტიანი ზრდა.

2021 წლის იანვართან შედარებით, ფასები 0.7 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 0.56 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 0.7-პროცენტიანი ზრდა სასმელებზე და 1.7-პროცენტიანი მატება სხვა არალითონურ მინერალურ პროდუქტებზე. ამავე პერიოდში, ფასები გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე 2.5 პროცენტით, რამაც 0.15 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინდექსის ცვლილებაში.

„გარდა ამისა, ფასების 0.3-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისa და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმა თვის მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 0.03 პროცენტული პუნქტი შეადგინა“, – აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

12-თვიან პერიოდში კი, საქსტატის მონაცემებით, ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

„დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია – ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 13.06 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები გაძვირდა 14.3 პროცენტით, სასმელები – 11.2 პროცენტით და ძირითადი ლითონები – 30.5 პროცენტით.

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 22.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 2.48 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 27.5 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.81 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 11.6 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების 12.8-პროცენტიანი ზრდა ლითონის მადნებზე“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

მსგავსი