საქსტატი - თებერვალში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე 1 297 შუამდგომლობიდან, 555 პირს პატიმრობა, 736 პირს კი გირაო შეეფარდა
საქსტატი - თებერვალში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე 1 297 შუამდგომლობიდან, 555 პირს პატიმრობა, 736 პირს კი გირაო შეეფარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილულია საგამოძიებო ორგანოებიდან აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე შესული 1 297 შუამდგომლობა. განხილული შუამდგომლობებიდან პატიმრობა შეეფარდა 555 პირს, ხოლო გირაო 736 პირს.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის თებერვალში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 625 პირის მიმართ. აქედან, გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 95 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 5,8 პროცენტს შეადგენს.

2021 წლის თებერვალში პირველი ინსტანციის სასამართლოებში განხილულია 1 133 საქმე 1 286 პირის მიმართ, აქედან განაჩენის გამოტანით განხილულია 972 საქმე, შეწყდა 149 საქმე, ხოლო პროკურატურას დაუბრუნდა 12 საქმე.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში განაჩენის გამოტანით განხილული საქმეებიდან საპროცესო შეთანხმებით განხილული იყო 614 საქმე 692 პირის მიმართ, არსებითი განხილვით დამთავრდა 358 საქმე 410 პირის მიმართ.

რაც შეეხება მსჯავრდებულთა განაწილებას, სასჯელის ფორმების მიხედვით, 2021 წლის თებერვალში სულ მსჯავრდებული 1 060 პირიდან თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 281-ს, პირობითი მსჯავრი შეეფარდა 582 პირს, ჯარიმა შეეფარდა 120 პირს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 57 პირის და შინაპატიმრობა ერთ პირს.