საქსტატი - თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
საქსტატი - თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა.

2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 57.0 პროცენტით არის გაზრდილი.

ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 0.5-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ისე 1.2-პროცენტიანი მატება კერძო სახლების სეგმენტში.

ხოლო 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 6.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 7.2 პროცენტით.

რაც შეეხება ბინების ფასს უბნების მიხედვით, 1მ² ფასი ბინების სეგმენტში ასე ნაწილდება: მთაწმინდა – 6 767 ლარი; ვაკე – 5 896 ლარი; ჩუღურეთი – 4 431 ლარი; საბურთალო – 4 316 ლარი; დიდუბე – 4 057 ლარი; კრწანისი – 3 948 ლარი; ნაძალადევი – 3 898 ლარი; ისანი – 3 789 ლარი; გლდანი – 3 640 ლარი; სამგორი – 3 483 ლარი.