საქსტატი - თბილისში უძრავი ქონება წინა წელთან შედარებით 13.6 პროცენტით გაძვირდა
საქსტატი - თბილისში უძრავი ქონება წინა წელთან შედარებით 13.6 პროცენტით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსის ცვლილებამ 9.4 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უძრავი ქონების ფასების ინდექსი შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტს.

2021 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების 1.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში. ასევე, 2.6 პროცენტით გაიზარდა ფასები კერძო სახლების სეგმენტშიც.

2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით აღსანიშნავია ფასების 18.3 პროცენტიანი ზრდა კერძო სახლების სეგმენტში. რაც შეეხება ბინებს, მათი ფასები საშუალოდ 12 პროცენტითაა მომატებული.