საქსტატი – სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 4.6 პროცენტით გაიზარდა

13:14, 20.10.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.02 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 4.6-პროცენტიანი მატება.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასები 0.1 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.01 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში -0.1 პროცენტით ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.05 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 0.4-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.04 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 12.6 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (12.1 პროცენტი);

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.22 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (4.1 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (8.5 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 3.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.34 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.8 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.18 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამიქვეყნებულ ანგარიშში.

მსგავსი