საქსტატი - სექტემბერის მონაცემებით, წლიურად ყველაზე მეტად სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ფასები შემცირდა
საქსტატი - სექტემბერის მონაცემებით, წლიურად ყველაზე მეტად სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ფასები შემცირდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.7 პროცენტი შეადგინა.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ჯგუფში საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი – აქ ფასები მომატებულია 5.1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.54 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები 11.7 პროცენტით გაიზარდა საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე, ასევე 11.4-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელზე ფაქტობრივი გადასახადის კუთხით;

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.0 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია 27.9 პროცენტით – საფინანსო მომსახურებაზე და 5.7 პროცენტით პირადი ჰიგიენაზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.6 პროცენტით, რაც 0.38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების – 6.0 პროცენტით, ისე თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფებზე – 5.3 პროცენტით;

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.7-პროცენტიანი კლება, რაც -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე – -14.1 პროცენტით. ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე – 11.7 პროცენტით და საავადმყოფოების მომსახურებაზე – 8.9 პროცენტით;

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 4.3 პროცენტით, რაც -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – -8.0 პროცენტით. ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე – 3.5 პროცენტით და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 1.8 პროცენტით.