საქსტატი - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისას, „კოვიდ-19“-სგან თავდაცვის მიზნით, რესპონდენტების 80.1 პროცენტი პირბადეს ყოველთვის ატარებდა
საქსტატი - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისას, „კოვიდ-19“-სგან თავდაცვის მიზნით, რესპონდენტების 80.1 პროცენტი პირბადეს ყოველთვის ატარებდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აგრძელებს ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე „კოვიდ-19“-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევას, რომელიც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

საქსტატის ცნობით, გამოკვლევა მიმდინარეობს მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევის შერჩევის საფუძველზე. დაგეგმილია გამოკვლევის რამდენიმე ტალღის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც მიიღება სხვადასხვა სახის ინფორმაცია „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს ბავშვებისა და ოჯახების მდგომარეობის შესახებ.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდებას, რესპონდენტების 79.8 პროცენტი მეტ-ნაკლებად ახერხებდა (ყოველთვის, ხშირად ან ხანდახან), ხოლო 20.2 პროცენტი იშვიათად ან საერთოდ ვერ ახერხებდა. იმის მიზეზად, თუ რატომ ვერ ახერხებდნენ, რესპონდენტების მიერ სახელდება სამსახურში სიარული (80.3%), საყიდლებზე წასვლა (50.5%), სტუმრად წასვლა ან შეხვედრა ვინმესთან (25.4%), აფთიაქში წასვლა (14.5%), ვიზიტი კერძო დაწესებულებაში მომსახურების მისაღებად (12.9%), ვიზიტი სახელმწიფო დაწესებულებაში მომსახურების მისაღებად (7.3%), ვიზიტი სამედიცინო დაწესებულებაში (6.8%), კორონავირუსის ტესტის ჩატარება (0.6%). ამასთან, საქსტატის ცნობით, გამოკვლევის თანახმად, გამოკითხვამდე, გასული 7 დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისას, COVID-19-სგან თავდაცვის მიზნით, რესპონდენტების 80.1 პროცენტი პირბადეს ყოველთვის ატარებდა, 15.4 პროცენტი – ხშირად, 2.5 პროცენტი – ხანდახან, 1.5 პროცენტი – იშვიათად, ხოლო 0.5 პროცენტის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში, საერთოდ არ ატარებდა პირბადეს.