საქსტატი - საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო სექტორებშია
საქსტატი - საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო სექტორებშია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით, ანუ 53.5 ლარით გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა 5.7 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2 პროცენტით); მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3 პროცენტით); 2021 წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით, ხოლო მამაკაცების – 1 473.4 ლარით განისაზღვრა.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო მამაკაცებში – 49.5 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით, მამაკაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 56.5 ლარით გაიზარდა და 1 283.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნების, გართობისა და დასვენების საქმიანობების (2 319.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 30.5 პროცენტით), ასევე, ინფორმაციისა და კომუნიკაციის (2 204.0 ლარი, გაიზარდა 14.7 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

2021 წლის პირველ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო ყოველთვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 52.2 ლარით გაიზარდა და 1 213.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.