საქსტატი - საქართველოში საშუალო ხელფასი 1179 ლარამდე გაიზარდა
საქსტატი - საქართველოში საშუალო ხელფასი 1179 ლარამდე გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა.

ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობისა, სადაც ხელფასი 0.4 პროცენტით შემცირდა და 2393 ლარი შეადგინა.

პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში ხელფასის წლიურმა ზრდამ ექვსი პროცენტი შეადგინა და 1 900.4 ლარი შეადგინა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში 5.6 პროცენტით 1 806.4 ლარამდე.

2019 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 913.5 ლარით, ხოლო კაცების – 1 419.8 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 69.1 და 85.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 90.7 ლარით გაიზარდა და 1 241.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 138.1 ლარი, წლიური ზრდა 3.2 პროცენტი), ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (1 804.0 ლარი, წლიური ზრდა 4.5 პროცენტი) დარგში ფიქსირდება.

არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 50.1 ლარით და 1 073.9 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.