საქსტატი - საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 2.6 პროცენტით შემცირდა
საქსტატი - საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 2.6 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის მეორე კვარტალში 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მეორე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.6 პროცენტით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალის შემცირება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვა.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 77.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები – 31.5 მლნ. აშშ დოლარით (13.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ჩეხეთი – 30.8 მლნ. აშშ დოლარით (13.2 პროცენტი).

ამასთან, უწყების მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 82.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი – 65.2 მლნ. აშშ დოლარით (27.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 46.5 მლნ. აშშ დოლარით (19.9 პროცენტი.)