საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ძირითად შედეგებს აქვეყნებს.
როგორც საქსტატის ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში.
„აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.
მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია, ხოლო სასოფლო-სამეურნეო აღწერას დაექვემდებარა ყველა ის შინამეურნეობა და იურიდიული პირი, რომელსაც, 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მიწა, ან ჰყავდა პირუტყვი, ფრინველი, ან ფუტკრის ოჯახი, მიუხედავად იმისა, საანგარიშო წელს აწარმოა თუ არა რაიმე სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.
აღწერის ფარგლებში მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან – 31 დეკემბერი) – კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI). ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ დასახლებაში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო გართულდებოდა საველე სამუშაოების ჩატარება, მესტიის, ყაზბეგის, ლენტეხის, ნაწილობრივ ახმეტისა (ომალოს ადმინისტრაციული ერთეული) და დუშეთის (გუდამაყრის, მაღაროსკარის, უკანაფშავის, ქვეშეთის, შატილისა და ხევსურეთის ადმინისტრაციული ერთეულები და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები) მუნიციპალიტეტებში აღწერა ჩატარდა 2024 წლის სექტემბერში.
მოსახლეობის რიცხოვნობა
2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან (3 713 804 კაცი) შედარებით 5.8 პროცენტით (215 777 კაცი) მეტია.
2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 455 444 კაცი (62.5 პროცენტი), ხოლო სოფლის მოსახლეობამ – 1 474 137 კაცი (37.5 პროცენტი). საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის ზრდამ 15.7 პროცენტი (332 821 კაცი), ხოლო სოფლის მოსახლეობის კლებამ 7.4 პროცენტი (117 044 კაცი) შეადგინა. შედეგად, 2014 წლის აღწერასთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქი/სოფლის სტრუქტურა – ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 5.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 62.5 პროცენტს გაუტოლდა.
2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ქ. თბილისში მოსახლეობის რიცხოვნობა 1 331 485 კაცით განისაზღვრა, რაც 2014 წლის აღწერის შედეგად მიღებულ მონაცემებს 20.1 პროცენტით (222 768 კაცი) აღემატება.
2014 წლის აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მატება, ქ. თბილისის გარდა, დაფიქსირდა აჭარის ა.რ.-ში (20.7 პროცენტი) და ქვემო ქართლის რეგიონში (4.2 პროცენტი). დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელი შემცირდა, კერძოდ: ყველაზე მეტი კლება დაფიქსირდა გურიის რეგიონში – 9.7 პროცენტი და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 7.6 პროცენტი. მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება ასევე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (6.8 პროცენტი), კახეთში (4.6 პროცენტი) და იმერეთში (4.3 პროცენტი).
2014 წლის აღწერასთან შედარებით, ყველაზე მაღალი ზრდა ქ. ბათუმში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა 54.2 პროცენტით გაიზარდა და 235 668 კაცი შეადგინა. მნიშვნელოვანი ზრდა ასევე გამოვლინდა ყაზბეგის (28.8 პროცენტი), ლენტეხისა (17.5 პროცენტი) და მარნეულის მუნიციპალიტეტებში (11.0 პროცენტი). დადებითი დინამიკა შეინიშნებოდა ასევე ქ. ქუთაისსა (9.0 პროცენტი) და ქ. რუსთავში (5.6 პროცენტი).
2014 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ხულოს (29.9 პროცენტი) და შუახევის (26.2 პროცენტი) მუნიციპალიტეტებში. მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა ასევე ცაგერის (18.2 პროცენტი), წყალტუბოს (15.1 პროცენტი) და ტყიბულის (14.9 პროცენტი) მუნიციპალიტეტებში.
მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობა
2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 47.9 პროცენტს კაცები შეადგენენ (1 881 004), ხოლო 52.1 პროცენტს – ქალები (2 048 577). 2014 წელთან შედარებით 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 3.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17.6 პროცენტი შეადგინა (692 700 კაცი). 0–14 წლის ასაკობრივი ჯგუფის წილი 1.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.6 პროცენტი შეადგინა (770 823 კაცი). 15–64 წლის ასაკობრივი ჯგუფის წილი 4.3 პუნქტით შემცირდა და 62.8 პროცენტი შეადგინა (2 466 058 კაცი).
მოქალაქეობა – 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა და 3 775 415 კაცი შეადგინა, თუმცა მათი წილი მთლიან მოსახლეობაში, აღწერათაშორის პერიოდში 99.2 პროცენტიდან 96.1 პროცენტამდე შემცირდა. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რიცხოვნობამ 133 857 კაცი შეადგინა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის პირველ ხუთეულს წარმოადგენენ რუსეთის ფედერაციის (37 715 კაცი), ინდოეთის (23 925 კაცი), უკრაინის (11 542 კაცი), აზერბაიჯანის (8 309 კაცი) და სომხეთის (5 381 კაცი) მოქალაქეები.
ეროვნული შემადგენლობა
2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ეროვნებით ქართველი მოსახლეობის რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა და 3 304 075 კაცი შეადგინა. თუმცა, მთლიან მოსახლეობაში ეროვნებით ქართველი მოსახლეობის წილი 86.8 პროცენტიდან 84.1 პროცენტამდე შემცირდა. მეორე უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს 268 832 კაცით (6.8 პროცენტი) აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, რომელთა რიცხოვნობა 15.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მესამე ჯგუფს 169 296 კაცით (4.3 პროცენტი) ეროვნებით სომეხი მოსახლეობა წარმოადგენს, რომელთა რიცხოვნობა 2014 წლის აღწერასთან შედარებით 0.7 პროცენტითაა გაზრდილი.
ეროვნებით რუსი მოსახლეობის რაოდენობა აღწერათაშორის პერიოდში 60.8 პროცენტით გაიზარდა და 42 545 კაცი შეადგინა. ინდოელი ეროვნების მოსახლეობა 446 კაციდან 23 996 კაცამდე გაიზარდა. უკრაინელთა რიცხოვნობა 139.4 პროცენტით გაიზარდა და 14 443 კაცი შეადგინა. არაბი ეროვნების მოსახლეობა 609 კაციდან – 12 533 კაცამდე, ბელარუსელთა რიცხოვნობა 431 კაციდან – 4 558 კაცამდე, ხოლო ირანელთა რიცხოვნობა 217 კაციდან 4 304 კაცამდე გაიზარდა.
აფხაზი ეროვნების მოსახლეობა 5 პროცენტით გაიზარდა და 907 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში ოსი ეროვნების მოსახლეობა 12.3 პროცენტით შემცირდა და 12 611 შეადგინა, ხოლო იეზიდთა რაოდენობა 7.0 პროცენტითაა შემცირებული და 11 324 კაცი შეადგინა.
აღმსარებლობა
2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 82.0 პროცენტს (3 223 206 კაცი) მართლმადიდებლები შეადგენენ, რაც 2014 წელთან შედარებით 4.1 პროცენტით მეტია. თუმცა აღწერათაშორის პერიოდში მთლიან მოსახლეობაში მათი წილი 83.4 პროცენტიდან 82.0 პროცენტამდე შემცირდა.
მუსლიმური სარწმუნოების მიმდევართა რიცხვმა 437 458 შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 11.1 პროცენტი), რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 9.7 პროცენტით აღემატება. სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევართა რაოდენობა 6.7 პროცენტით შემცირდა და 101 736 კაცი შეადგინა. კათოლიკური სარწმუნოების მიმდევართა რიცხვი თითქმის უცვლელია, ხოლო იეჰოვას მოწმეთა რაოდენობა 13 პროცენტით შემცირდა და 10 787 კაცი შეადგინა.
მშობლიური ენა
2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 85.1 პროცენტისთვის (3 343 987 კაცი) მშობლიური ენა ქართულია. 2014 წელთან შედარებით ქართულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 2.7 პროცენტით გაიზარდა, თუმცა მათი წილი მთლიან მოსახლეობაში 87.6 პროცენტიდან 85.1 პროცენტამდე შემცირდა.
მშობლიური ენის მიხედვით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანული ენა – მას მშობლიურ ენად 265 534 ადამიანი (6.8 პროცენტი) მიიჩნევს. 2014 წელთან შედარებით, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 14.7 პროცენტით გაიზარდა. სომხური ენა მშობლიურად 139 438 ადამიანს (3.5 პროცენტი) აქვს მითითებული, რაც წინა აღწერით მიღებულ მონაცემებს 3.7 პროცენტით ჩამორჩება.
ამავე პერიოდში რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 18.6 პროცენტით გაიზარდა და 54 460 კაცი შეადგინა. ოსური ენა მშობლიურ ენად მიუთითა 3 839 კაცმა, რაც წინა, 2014 წლის აღწერის შესაბამის მონაცემებზე 32.6 პროცენტით ნაკლებია. 370 კაცისთვის მშობლიურ ენას წარმოადგენს აფხაზური, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (272 კაცი) შედარებით 36.0 პროცენტით მეტია.
სასოფლო მეურნეობების რაოდენობა
2024 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, სასოფლო მეურნეობათა რაოდენობა 479.5 ათასი ერთეულით განისაზღვრა, რაც 25.3 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის აღწერის შესაბამის მაჩვენებელზე. რაც შეეხება იმ იურიდიულ პირებს, რომლებსაც 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ან ჰყავდათ პირუტყვი, ფრინველი, ან ფუტკრის ოჯახი, მათმა რაოდენობამ 2.8 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 25.0 პროცენტით აღემატება 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესაბამის მაჩვენებელს.
სასოფლო მეურნეობების სარგებლობაში არსებული მრავალწლოვანი ნარგავები
სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწის ფართობი 176.0 ათას ჰექტარს შეადგენს, რაც 60.6 პროცენტით აღემატება 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესაბამის მაჩვენებელს.
სასოფლო მეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის ძირითადი კატეგოგორიები
2024 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობმა 809.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.7 პროცენტით აღემატება. მეურნეობების სარგებლობაში არსებული სახნავის ფართობი 325.2 ათასი ჰექტარით განისაზღვრა, რაც 2014 წელთან შედარებით 13.8 პროცენტით ნაკლებია, ხოლო სათიბებისა და საძოვრების ფართობმა 305.6 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც 2014 წლის მაჩვენებელს (300.0 ათასი ჰექტარი) 1.9 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება მიწის დამატებით ცალკეულ კატეგორიებს, 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სასოფლო მეურნეობების სარგებლობაში არსებული დაუმუშავებელი მიწის ფართობმა – 116.9 ათასი ჰექტარი, შენობა-ნაგებობებით და ეზოებით დაკავებული მიწის ფართობმა – 46.3 ათასი ჰექტარი, ხოლო სათბურების ფართობმა 2.3 ათასი ჰექტარი შეადგინა.
ვაზის ძირთა რაოდენობა
2024 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში სასოფლომეურნეობათა სარგებლობაში არსებული ვაზის ძირთა რაოდენობამ 164.7 მლნ. შეადგინა, საიდანაც 96.4 პროცენტი ნაყოფის მომცემი იყო.
მეურნეობის სარგებლობაში არსებული პირუტყვი, ფრინველი და ფუტკრის ოჯახი
2024 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, სასოფლო მეურნეობების სარგებლობაში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 841.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2014 წელთან შედარებით 15.0 პროცენტით ნაკლებია. ფურის რაოდენობამ 2024 წელს 412.5 ათასი სული შეადგინა, რაც 2014 წელთან შედარებით 18.3 პროცენტითაა შემცირებული. 2014 წელთან შედარებით 25.4 პროცენტით შემცირდა ცხვრის რაოდენობაც – 944.0 ათასი სულიდან 704.4 ათას სულამდე. შემცირებულია ასევე კამეჩის სულადობა 22.8 პროცენტით, ხოლო ღორის სულადობა 12 პროცენტითაა გაზრდილი. ამასთან, აღწერის შედეგების მიხედვით, ფრინველის რაოდენობა 18.9 პროცენტით გაიზარდა.
2024 წელს სასოფლო მეურნეობათა სარგებლობაში იყო 191.5 ათასი ფუტკრის ოჯახი (სკა), რაც 27.6 ათასით (16.9 პროცენტი) აღემატება 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.