საქსტატი - საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 42 პროცენტით შემცირდა, იმპორტი კი 25 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 42 პროცენტით შემცირდა, იმპორტი კი 25 პროცენტით გაიზარდა

საქართველოსა და ჩინეთს შორის პირველი იანვრიდან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ამოქმედდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ შეღავათიან რეჟიმს ამ ეტაპზე ქართული პროდუქციის ექსპორტზე დადებითად არ უმოქმედია.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 42 პროცენტით შემცირდა, ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი კი 25 პროცენტით გაიზარდა.

ექსპორტმა 2017 წლის იანვარ-თებერვალში 25,277 მილიონი დოლარი შეადგინა, 2018 წლის იანვარ-თებერვალში კი 14,725 მილიონი დოლარი.

იმპორტი კი 2017 წლის იანვარ-თებერვალში 89,628 მილიონი დოლარი, 2018 წლის იანვარ-თებერვალში კი 112,701 მილიონი დოლარი იყო.

საქსტატის ცნობით, 2017 წელს (წლიურად) გაიზარდა ექსპორტიც და იმპორტიც. საქართველოდან გატანილი პროდუქციის ღირებულებამ 169,586 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 34 პროცენტით მეტია. იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ კი 732,323 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 33 პროცენტით მეტია.
ჩინეთში ექსპორტის ძირითადი ნაწილი სპილენძის მადნებზე და კონცენტრატებზე მოდის.