საქსტატი - საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.5 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.5 პროცენტით გაიზარდა

2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 895.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, აქედან ექსპორტი 1 284.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს  – 28.0 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 3 610.9 მლნ. აშშ დოლარს  – 23.4 პროცენტით მეტი. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი, 2018 წლის იანვარ-მაისში 2 326.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.5 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 924.8 მლნ. აშშ დოლარზე დაფიქსირდა, რაც 15.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 342.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 23.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 295.7 მლნ. აშშ დოლარი იყო  – 13.7 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 1 047.1 მლნ. აშშ დოლარი  – 25.9 პროცენტით მეტი. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.0 პროცენტი და იმპორტში 29.0 პროცენტი. ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 32.3 პროცენტი.

საანგარიშო პერიოდში, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 676.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, 2017 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 32.6 პროცენტით მეტი. აქედან ექსპორტი 584.0 მლნ. აშშ დოლარზე  – 52.3 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 1 092.3 მლნ. აშშ დოლარზე დაფიქსირდა –  24.0 პროცენტით მეტი.  საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34.2 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 45.5 პროცენტი და იმპორტში 30.2 პროცენტი. 2018 წლის იანვარ-მაისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 21.9 პროცენტი.