საქსტატი – ქართველმა მოგზაურებმა 2026 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ 835 მილიონი ლარი დახარჯეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 813.7 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 41.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 618.2 ათასი შეადგინა, რაც 3.1 პროცენტით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 428.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 3.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა – 45.3 პროცენტი განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.9 პროცენტი შეადგინა.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 35.7 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 204.6 ათასი და 112.0 ათასი ვიზიტი.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, 2026 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.80 შეადგინა, რაც 2025 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (7.90 ღამე) 1.3 პროცენტით ნაკლებია. ვიზიტების 97.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2026 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 835.2 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 19.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 15.8 პროცენტით გაიზარდა და 1 351.0 ლარი შეადგინა.