საქსტატი – ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის ყველაზე მეტი სხვაობა დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორებისა და ტექნიკოსების სფეროებშია

11:22, 16.10.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქალისა და კაცის შესწორებულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 13.3 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 20.4 პროცენტია.

გასულ წელთან შედარებით ქალისა და კაცის შესწორებული საათობრივი სახელფასო სხვაობა 1.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, ხოლო ყოველთვიური შესწორებული სახელფასო სხვაობა – 1.1 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის ცნობით, 2025 წელს მრეწველობის სფეროში ქალისა და კაცის შესწორებულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 20.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო მომსახურების სფეროში – 10.9 პროცენტი.

დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, ქალისა და კაცის შესწორებული საათობრივი სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალი დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორებისა და ამწყობების პოზიციაზე დაფიქსირდა და 30.2 პროცენტი შეადგინა, მეორე ადგილზეა ტექნიკოსებისა და დამხმარე სპეციალისტების პოზიცია – 23.5%-ით.

ცნობისთვის, ქალისა და კაცის სახელფასო სხვაობა წარმოადგენს კაცისა და ქალის საშუალო ხელფასებს შორის სხვაობის თანაფარდობას კაცის საშუალო ხელფასთან. აღნიშნული სხვაობა წარმოადგენს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული სქესობრივი უთანასწორობის მაჩვენებელს. როგორც საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული, სახელფასო სხვაობის გამომწვევი სოციალური ფაქტორები საკმაოდ კომპლექსურია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური კონვენცია „მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ“ ქვეყნებს ავალდებულებს, უზრუნველყონ თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურება დისკრიმინაციის გარეშე.

მსგავსი