საქსტატი - საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა
საქსტატი - საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.0 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.28 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე – ზეთი და ცხიმი (7.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.7 პროცენტი).

„ფასების კლება დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე (-9.7 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები მომატებულია 5.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (8.6 პროცენტი), ასევე ტანსაცმლის (3.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.2 პროცენტით, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (2.9 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.3 პროცენტი). ხოლო წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (17.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.6 პროცენტი), თევზეული (10.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.2 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-3.2 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.0 პროცენტით, რაც 0.73 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.5 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.0 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.5 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.1 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 6.0 პროცენტით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა -0.74 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასების კლება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (-8.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურება (-4.2 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.1 პროცენტი)“, – ნათქვამია სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.