საქსტატი - ნოემბერში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე სასამართლოში შესული 769 შუამდგომლობიდან, 433 პირს პატიმრობა, 336 პირს კი გირაო შეეფარდა
საქსტატი - ნოემბერში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე სასამართლოში შესული 769 შუამდგომლობიდან, 433 პირს პატიმრობა, 336 პირს კი გირაო შეეფარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილულია საგამოძიებო ორგანოებიდან აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე შესული 769 შუამდგომლობა. განხილული შუამდგომლობებიდან პატიმრობა 433 პირს, ხოლო გირაო 336 პირს შეეფარდა.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის ნოემბერში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 977 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 75 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 7,7%-ს შეადგენს.

2020 წლის ნოემბერში პირველი ინსტანციის სასამართლოებში განხილულია 876 საქმე 1007 პირის მიმართ, აქედან განაჩენის გამოტანით განხილულია 848 საქმე, შეწყდა 25 საქმე, ხოლო პროკურატურას დაუბრუნდა 3 საქმე.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ნოემბერში განაჩენის გამოტანით განხილული საქმეებიდან საპროცესო შეთანხმებით განხილული იყო 407 საქმე 479 პირის მიმართ, არსებითი განხილვით დამთავრდა 441 საქმე 499 პირის მიმართ.

„2020 წლის ნოემბერში პირველი ინსტანციის სასამართლოებში არსებითი განხილვით დამთავრებული 441 საქმიდან, გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა 380 საქმეზე, გამამართლებელი განაჩენი – 41 საქმეზე, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი 20 საქმეზე. 2020 წლის ნოემბერში სულ არსებითი განხილვით მსჯავრდებული, გამართლებული და შეწყვეტილი 524 პირიდან, გამართლებულ პირთა ხვედრითი წილი შეადგენს 8,2%-ს, ნაწილობრივ გამართლებული პირების ხვედრითი წილი – 4,0%-ს, ხოლო იმ პირების ხვედრითი წილი, რომელთა მიმართ საქმე შეწყდა შეადგენს 4,8%-ს“, – ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სისხლის სამართლის სტატისტიკაში.

დატოვე კომენტარი