საქსტატი მოსახლეობის შიდა გადაადგილებას მობილური ტელეფონების საშუალებით დაითვლის
საქსტატი მოსახლეობის შიდა გადაადგილებას მობილური ტელეფონების საშუალებით დაითვლის

შიდა ტურიზმისა და შიდა მიგრაციის მაჩვენებლებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორების საშუალებით დაითვლის. მომავალი წლიდან აღნიშნული სიახლის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მოსახლეობის გადაადგილება, ასევე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მაჩვენებლები 24-საათიან რეჟიმში მობილური ოპერატორების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაითვლება.

მონაცემების გაანგარიშებაში ჩართული იქნება კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც.

„საქართველოს მოსახლების 95% ფლობს მობილურ ტელეფონს. ამდენად, შესაძლებლობა გვექნება, მოსახლეობის გადაადგილების მაჩვენებელი გამოვთვალოთ, რაც ბევრად უტყუარი მონაცემია, ვიდრე სხვა წყაროებზე დაყრდნობით მიღებული ინფორმაცია. მაგალითად, როცა ადამიანი ბათუმიდან საცხოვრებლად გადადის თბილისში, ყოველთვის არ აკეთებს ოფიციალურ ამოწერას და ა.შ. ეს იქნება ალტერნატიული ინფორმაციის წყარო და გვინდა, შევადაროთ არსებულ მონაცემს“, – განაცხადა თოდრაძემ და აღნიშნა, რომ ეს გაერო-ს სტატისტიკის კომისიის ინიციატივაა.

მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ პერსონალური მონაცემები არ გამჟღავნდეს, მობილური ოპერატორი საქსტატს მხოლოდ აგრეგირებულ ინფორმაციას მიაწვდის, სადაც პირთა იდენტიფიცირება არ მოხდება.

ავტორი: ეკა გაზდელიანი