საქსტატი – მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 5.2 პროცენტით შემცირდა

11:47, 20.04.2023

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.2-პროცენტიანი კლება.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის თებერვალთან შედარებით ფასები 1.5 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.09 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების -1.7-პროცენტიანი კლება ლითონის მადნებზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების -1.1-პროცენტიანი კლება ძირითად ლითონებზე. გარდა ამისა, ფასების 3.0-პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.29 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 22.5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -1.82 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-30.1 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები შემცირდა 3.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის კლებაზე -2.6 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სასმელები (-7.1 პროცენტი), ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (-27.4 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (-23.4 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 6.6 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.57 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 9.7 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.24 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მსგავსი