საქსტატი - მარტის მონაცემებით, წლიურად ბოსტნეული და ბაღჩეული - 28.8 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი 16.8 პროცენტით გაძვირდა
საქსტატი - მარტის მონაცემებით, წლიურად ბოსტნეული და ბაღჩეული - 28.8 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი 16.8 პროცენტით გაძვირდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მარტში წლიურმა ინფლაციამ 5.3 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.91 პროცენტული პუნქტით აისახა.

ყველაზე მეტად, 28.8 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 16.8 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. რძე, ყველი და კვერცხი 13.6 პროცენტით გაძვირდა, თევზეული – 10.9 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები კი – 10.4 პროცენტით. 10.1 პროცენტით გაძვირდა მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები, 8.7 პროცენტით – ყავა, ჩაი და კაკაო. 2.7 პროცენტით მოიმატა ფასებმა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე.

ამასთან, ფასები -2.4 პროცენტით შემცირებულია ხილსა და ყურძენზე.

„საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.1-პროცენტიანი მატება, რაც 1.15 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (35.1 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (5.8 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 8.0 პროცენტით, რაც -1.0 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-15.0 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.9 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 9.1 პროცენტით, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-20.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.2 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.5 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.