საქსტატი – მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 4.9 პროცენტით გაიზარდა

13:24, 20.06.2025

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 4.9-პროცენტიანი მატება.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის აპრილთან შედარებით ფასები 1.9 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.12 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები -0.5 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.37 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების -2.6-პროცენტიანი კლება ძირითად ლითონებზე. გარდა ამისა, ფასების 2.2-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.23 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 13.3 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.84 პროცენტული პუნქტით აისახა.

ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (18.1 პროცენტი);

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 3.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.62 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (4.9 პროცენტი) და სასმელებზე (4.6 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 13.8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.39 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.01 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

მსგავსი