საქსტატი – ივნისში ყველაზე მეტად, 20.4 პროცენტით თევზეული გაძვირდა

12:08, 03.07.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.92 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები 20.4 პროცენტით მომატებულია თევზეულზე, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8 პროცენტით გაძვირდა, ხილი და ყურძენი – 8.7 პროცენტით. პური და პურპროდუქტები 6.6 პროცენტითაა გაძვირებული, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 5.5 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 5.5 პროცენტით. ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე ფასებმა 4.2 პროცენტით მოიმატა, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები კი 1.8 პროცენტით გაძვირდა. რძე, ყველი და კვერცხი 1.8 პროცენტითაა გაძვირებული, ბოსტნეული და ბაღჩეული კი – 0.4 პროცენტით.

ამასთან, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.87 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 24.0 პროცენტითაა მომატებული პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე და 11.8 პროცენტით სატრანსპორტო მომსახურებაზე.

„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.2 პროცენტით, რაც 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.1 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (6.8 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (5.4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით, რაც ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.5 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.0 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი