საქსტატი – იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1.8 პროცენტით გაიზარდა

14:13, 20.02.2023

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 1.8-პროცენტიანი ზრდა.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით ფასები 1.5 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.09 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 1.5-პროცენტიანი ზრდა ლითონის მადნებზე. ამავე პერიოდში ფასები 1.2 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 0.96 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 12.3-პროცენტიანი მატება ძირითად ქიმიური ნივთიერებებზე და ქიმიურ პროდუქტებზე. გარდა ამისა, ფასების 0.3-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.03 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 9.8 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.76 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-16.8 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 3.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.58 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (9.8 პროცენტი), ტანსაცმელი (24.8 პროცენტი) და სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (10.7 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.13 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 6.0 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.16 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მსგავსი