საქსტატი - ბიზნესსექტორში კვარტალში საშუალოდ 637 ათასი ადამიანია დასაქმებული, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5,3%-ით აღემატება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში, ბიზნესსექტორში კვარტალში საშუალოდ 637 ათასი ადამიანია დასაქმებული, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,3%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,6% ქალია, ხოლო 59,4% – კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 37,2% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,2% – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 40,6% – მცირე ბიზნესზე. 2018 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1106,4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია 82,4 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 841,1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 64,7 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1193.2 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1219.6 ლარი, მცირე ბიზნესი – 944.1 ლარი.
2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 46,3% ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) მოდის. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა – 10,9%-იანი წილით, შემდეგ მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენება 10,8%-იანი წილით, მშენებლობა – 7,5%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,5%- იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 5,3%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 12,7% კი სხვა დარგებზე ნაწილდება.