საქსტატი - ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 11.3 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 11.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით გაიზარდა და 28.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2021 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 10.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით მეტია.

ამასთან, 2021 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 65.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.3 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 18.4 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 45.8 პროცენტი, საშუალოზე – 27.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 27.1 პროცენტი.

საქსტატის ინფორმაციით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2021 წლის პირველ კვარტალში 16.0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 10.4 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2 პროცენტით მეტი).