საქსტატი - ბიზნესსექტორის ბრუნვა 19.7 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - ბიზნესსექტორის ბრუნვა 19.7 პროცენტით გაიზარდა

საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.7 პროცენტით გაიზარდა და 19.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2018 წლის მეორე კვარტალში მისი მოცულობა 10 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 12.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მეორე კვარტალში მთლიანი ბრუნვის 43.6 პროცენტი  მსხვილ ბიზნესზე მოდის, 23.7 პროცენტი – საშუალო, ხოლო 32.8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41.2 პროცენტი, საშუალოზე – 25.2 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 33.6 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2018 წლის მეორე კვარტალში 13.8 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.8 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 8.5 მილიარდი ლარი შეადგინა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,6 პროცენტით მეტი.